ხევსურეთი

ხევსურეთი

“ხევსურეთს” სახელწოდება ამ მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო აქვს შერქმეული. ის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კააახვკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად.პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილისა და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილისა და არხოტის.

ხევსურეთში ყველა ისტორიულ ძეგლს თავისი გამორჩეული მდებარეობა აქვს.სოფელ შატილთან ახლოს, მდ. არღუნის ხეობაში, ანატორის მიდამოებში გეოლოგიურ წარსულში მდინარის დაგუბების შედეგად წარმოქმნილი სვეტებია, მასშტაბით დიდი არ გახლავთ, მაგრამ მოგზაურის თვალით რომ შეხედო, პარალელს კაბადოკიის ძეგლებთან გაავლებ. ის ბუნების ძეგლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. საინტერესოა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის გამყოფი დათვისჯვრის უღელტეხილი კავკასიონზე, რომელიც ზღვის დონიდან 2 676 მ-ზე მდებარეობს. ამ ადგილიდან უნიკალური ხედი, მთელი ხევსურეთი იშლება.

        როცა ხევსურეთზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ როშკა, აბუდელაურის ტბები და აბუდელაურის მყინვარი, რომელიც პირაქეთა ხევსურეთშია. როშკა საქართველოს სოფლებს შორის ერთ-ერთი ლამაზი სოფელია, რომლის სიმაღლეც ბევრად არ ჩამოუვარდება უშგულს. ყველაზე მაღლა მდებარე სახლის სიმაღლე უშგულის სიმაღლის დონეზეა. როშკაში არის გამორჩეული ბუნების საოცრება, უზარმაზარი ლოდები, ზოგიერთი მათგანის სიგრძე 20მ-ს აღწევს, სიმაღლე – 12-13მ-ია. ეს ერთ-ერთი უდიდესი მყინვარის ჩამოტანილი ლოდია ევროპაში. მას წითელ ნუსხაში შეტანილ ძეგლად მიიჩნევენ.

  

 აბუდელაურის ტბები სხვადასხვა სეზონის მიხედვით განსხვავებული ფერისაა, ძირითადად ლურჯი ან მოყვითალო, რაც მყინვარის მოქმედებას უკავშირდება. ამ ტბებთან ახლოს (ფეხითაც შეიძლება გადაადგილდეს ადამიანი) გვხვდება მყინვარი, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე საქართველოს ფარგლებში ერთადერთი მყინვარია და მას აბუდელაურის მყინვარი ჰქვია

      

 

შატილი მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, იგი წარმოადგენს სიპი ქვით ნაშენ უძველეს სოფელს. სოფელი ერთდროულად წარმოადგენს როგორც საცხოვრებელს, ისე ციხესიმაგრეს, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.

           მუცო – სოფელი, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ. იგი მდებარეობს შატილთან ახლოს, მდინარე არდოტის წყლის ხეობაში. დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე, დღეისათვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი.

  

 

     ლებაისკარი - შუა საუკუნეთა ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი, თუშეთ-ხევსურეთში გავრცელებული საცხოვრებელი ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში. მდებარეობს სოფელი ლებაისკართან (პირიქითა ხევსურეთი), შატილის გზაზე. ლებაისკარი ხუთსართულიანი კოშკია, რომლის სართულები შიგნით ერთმანეთს უკავშირდებიან გადასატანი ხის კიბეებით. საქონლისათვის გამოყოფილია ქვედა სართული (გომური). ზემოთ, კედლის შუა ადგილზე, კოშკს ოთხივე მხარეს პატარა აივნის მსგავსი თითო სალოდე აქვს. უკანასკნელი სართული შიგნიდან გადახურულია შეკრული კამარით, გარედან - პირამიდისებრი საფეხურებიანი სახურავით

 

 

სოფ. არდოტი თანამედროვე სოფელია, რომლის ქვემო უბანი დაფუძნებულია ძველ ნასოფლარზე. იგი მდებარეობს ანდაქის წყლის მარცხენა მხარეს, იქ სადაც ბისოს ხევი უერთდება არაგვს. არდოტი გარდა სამხრეთის მხრისა, ძნელი მისადგომია. შემორჩენილია ოთხკუთხა ციხე-სახლების ნანგრევები. სოფლის სამხრეთ ნაწილში დგას მცირე მოცულობის ეკლესია ორფერდა სანაწვეთეებიანი გადახურვით. სამხრეთ მხარეზევე, საიდანაც სოფელში შესასვლელია, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე კლდოვან ფერდობზე აღმართული იყო ხუთსართულიანი კოშკი სანაწვეთეებიანი გადახურვით. ანალოგიური - არხოტის ხეობაში კვირეწმიდის კოშკის, ახიელის ხარათ ციხის, ლებაისკარისა და აბულეთურთ კოშკებისა.